წყალტუბოს წყლებით მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ბევრ შემთხვევაში ყავარჯნებით მოსული ავადმყოფი უყავარჯნოდ წასულა, მრავალ უშვილო ქალს ახდენია დედობის ოცნება. ასევე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები.წყალტუბო საყურადღებოა ტურისტული თვალსაზრისითაც. იგი წარმოადგენს მარადმწვანე დეკორატიული მცენარეებით და ყვავილებით დაფარულ ტაფობს, რომელსაც ირგვლივ აკრავს ტყიანი ბორცვები და გორაკები, რომლებიც მდიდარია მცენარეებით.
წყალტუბო მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებასთან-კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. ჰავა სუბტროპიკულია, რითაც შეიძლება ის კლიმატურ კურორტადაც ჩაითვალოს.
ქალაქ-კურორტის განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს წყალტუბოს გადაქცევას ტურიზმის მძლავრ ცენტრად, რაშიც მას ხელს უწყობს მდებარეობა, ბუნებრივი პირობები მთისა და ზღვის კურორტებთან სიახლოვე, ახლომდებარე ბუნებისა და კულტურის იშვიათი ძეგლები.
წყალტუბოს რაიონში შემავალი 18 სოფლიდან ერთ-ერთი ჩვენი სოფელი გვიშტიია. გვიშტიბი წერილობით დოკუმენტში XVII საუკუნეში იმერეთის მეფეს ალექსანდრე სოლომონის ძე ბაგრატიონს აქვს მოხსენიებული. წყალობის სიგელში, რომელიც ეზია იოსელიანისთვის უბოძებია. სიგელის შემდგენელი მეფის მწიგნობართუხუცესი ეზიასთვის მეფის მიერ ნაბოძებ სოფელს გუშტიბ-ად მოიხსენიებს. ფაქტიურად ეს სახელწოდება სუფთა კოლხურია. „გულშტიბი“ - გულში თბილს ნიშნავს. გვიშტიბი და თვით წყალტუბო ეზია იოსელიანის შთამომავალთა სახნავ-სათესი და წისქვილების გასამართავი ადგილი ყოფილა.
საზღვრები, რომლებიც ნაბოძები სოფლის ზღუდეებად არის აღწერილი სოფლის შემოგარენია. XVII საუკუნეში აბაზანების ახლომდებარე გორაკებზე ჩამოსახლდნენ ეზია იოსელიანის ნათესავი იოსელიანები და მისი კარისკაცები, ხოლო ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გორდიდან - დადიანის ყოფილი ყმები.
დროთა განმავლობაში კოლხური სახელწოდებანი სოფლებმა და დასახლებებმა ან დაკარგეს, ან შეცვლილი სახით შეინარჩუნეს. ასე მოუვიდა „გუშტიბ“-საც და დღეს იგი გვიშტიბად მოიხსენიება.
XX საუკუნის 70-იან წლებში ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა საქართველოში მოგზაურობისას გზად გვიშტიბის დასავლეთ ნაწილში მოხვდა. მწერალი განაცვიფრა აუტანელმა სიდუხჭირემ, ისლიანმა ქოხმახებმა, უგზოობამ. ოდა სახლი სულ ორი იდგა სოფელში, რომელიც იოსელიანებს ეკუთვნოდა. მწერალი აღტაცებაში მოიყვანა თვალუწვდენელმა მუხის ტყეებმა. მიუხედავად აუტანელი გაჭირვებისა, ხალხს მუდამ ჰქონდა შემოქმედის იმედი, იმედი იმისა, რომ ღმერთი არ გასწირავდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას.
ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს ვისი სისხლი და ხორცი ხარ, სად არის შენი ფესვები, ვისი გორისა, სად ცხოვრობ და რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ შენი საცხოვრებელი უფრო გალამაზდეს, გამშვენიერდეს, წარმოჩნდეს ის ღირსეულობანი, რაც მას გააჩნია.
პროექტის მიზანია შევისწავლოთ და გამოვავლინოთ ის ადგილები, ადგილობრივი ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები, რაც არსებობს ჩვენს მშობლიურ სოფელ გვიშტიბში.
გვიშტიბი წყალტუბოდან 3 კმ. მანძილითაა დაშორებული, თითქმის ებმის ქალაქს. ერთი შეხედვით ტიპიური იმერული სოფელია, თითქმის არაფრით გამორჩეული სხვა სოფლებისაგან, მაგრამ თუ კი დეტალურად შევისწავლით მის წარსულს და დღევანდელობას ვებრ საინტერესოს და მიმზიდველს აღმოვაჩენთ.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მოსალოდნელი შედეგები იქნება, შევისწავლოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი სოფლის ბუნებრივი თუ ისტორიული ძეგლები, რომლებიც თავისი შინაარსით შესაძლებელი იქნას ჩაერთოს ქალაქ-კურორტ წყალტუბოს ტურისტულ ქსელში, რითაც ხელს შეუწობს ქალაქის გადაქცევას ტურიზმის მძლავრ ცენტრად. განსაზღვრული გვაქვს ექსკურსიათმძღოლების მომზადება.
პროოექტზე მუშაობის პროცესში შესაძლებლობა გვექნება შევხვდეთ მხარის სახელოვან ადამიანებს: მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების მუშაკებს, ომის ვეტერანებს.
პროექტის „ჩემო სამშობლო მხარეო“ განხორციელება
პროექტის ძირითადი ნაწილებია:
ა) შესავალი - მშობლიური მხარის შესწავლის მეთოდები:მხარეთმცოდნეობა შეისწავლის მშობლიური კუთხის ბუნებას, მოსახლეობის ისტორიას და კულტურას. მისი მიზანია ადგილობრივი ძალებით მხარის ადვილად მისაწვდომი, შედარებით მცირე ტერიტორიის ყოველმხრივი შესწავლა. მხარის შესწავლისას გამოიყენება ორი მეთოდი: მხარის ტერიტორიის მთლიანი შესწავლა და მცირე ტიპიური ადგილების შერჩევა.
ბ) ჩვენს მშობლიურ სოფელ გვიშტიბში არსებული ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების აღწერა:
სოფელ გვიშტიბის ბუნებრივი პირობები საინტერესო და მრავალფეროვანია, ზღვის დონიდან 100 მეტრია, ტერიტორია ბრტყელია, ჰავა - ტენიანი და სუბტროპიკული, სოფლის აღმოსავლეთი მხარე წარმოადგენს ქალაქ წყალტუბოს გაგრძელებას. წყალტუბოს გვიშტიბთან აკავშირებს ძველი და ახალი გზა.
ჩვენი მარშრუტი წყალტუბო-გვიშტიბი-წყალტუბო იწყება ახალი გზით და მთავრდება ძველით.
ა) ჩვენი შესწავლის საწყისი ობიექტი გახლავთ სოფლის ცენტრში მდებარე 1864 წელს აგებული ბაზილიკური სტილის ეკლესია-ტაძარი, რომელიც აღდგენილ იქნა XX საუკუნის 90-იან წლებში ძმების ავთანდილ და მიხეილ იოსელიანების და ცნობილი მწერლის ბატონ ოტია იოსელიანის ინიციატივით. თანხა გამოყო კულტურის და ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ. ეკლესიაში მოწყობილია საკურთხეველი, ტრაპეზი, ხატების უმრავლესობა შემოწირულია.
1997 წლის 30 ოქტომბერს გაბმული ზარების რეკვამ სოფელს აუწყა განახლებული წირვა-ლოცვა. ეკლესია აკურთხა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ. ამჟამად ეკლესია მოქმედია არამარტო გვიშტიბელებისათვის, არამედ ყველა მართმადიდებელი ადამიანისთვის.
ბ) მარშრუტის მეორე ობიექტი ჩვენი სკოლა, რომელიც დაარსდა 1903 წელს სოფლის მკვიდრ ომაინ იოსელიანის მიერ. ამჟამად სკოლა საჯაროა. სკოლამ სოფელს არსებობის მანძილზე აღუზარდა 4500-ზე მეტი ახალგაზრდა და ბევრი გამოჩენილი ადამიანი
ჩვენს სკოლაში სწავლობდა მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ჩვენი სოფლის მკვიდრი ბატონი ოტია იოსელიანი, მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც.
სკოლაში შექმნილი გვაქვს ოტია იოსელიანის სახელობის ესთეტიკის კაბინეტი, რომელიც მოწყობილია საგრანტო პროექტით „კურთხეულია ნაბიჯი ვალმოხდილისა“. კაბინეტი თავისი შინაარსით საინტერესოა არა მარტო სკოლისათვის, არამედ ნებისმიერი სტუმრისათვის.
ეზო, რომელშიც სკოლა დგას ეკუთვნოდა ქართველ კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის წინაპრებს: ბაბუას, მამას და ბიძას. 105 წლის წინ ჩამორთმეული ეზო-კარმიდამოში გადმოიტანეს სკოლა. ერთსართულიანი, ოროთახიანი (ბუხრიანი და სასტუმრო ოთახები) დღესაც სახეზეა.
ბატონ ოტია იოსელიანის დამსახურებით სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო ვადაჭკორია დაუკავშირდა ბატონ ოთარის და გაანდო იდეა მისი წინაპართა სახლში მუზეუმის გახსნის შესახებ. დაიდო შეთანხმება სახლის რეაბილიტაციის შესახებ. მუშაობა დაწყებულია, ექსპონატებს მოგვაწვდის ბატონი ოთარი.
შვიდი წლის წინ დაგვებადა იდეა, ცნობილი კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის წინაპართა სახლში გაგვეხსნა მუზეუმი, რაზედაც მაშინვე მივიღეთ თანხმობა.
შარშან მეცხრეკლასელებმა თხოვნით მოგვმართეს დახმარება გვეთხოვა ბატონ ოტია იოსელიანისთვის. ბატონმა ოტიამ სამშენებლო მასალებით მოგვამარაგა, ორიათას ლარზე მეტი თანხის სამშენებლო მასალები შემოგვიტანა. ჩვენც მოვინდომეთ, იატაკი მოვასწორეთ, დავაგეთ ბეტონი, კედლები შევლესეთ. შეკეთებაში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ბადრი მაცაბერიძე დაგვეხმარა.
პირადად ვეხმარები მოსწავლეებს შეისწავლონ სოფლის ოჯახთა გენეოლოგიები და განათავსონ მუზეუმში.
მუშაობას ვაგრძელებთ, ვავსებთ სოფლის ისტორას და ვიძიებთ სამუზეუმო ექსპონატებს.