Thursday, May 29, 2014

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლას შორის გარემოსდაცვით სფეროში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პარლამენტში წყალტუბოს რაიონის სოფ. გვიშტიბის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს უმასპინძლა. 
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით გიორგი ცაგარეიშვილმა სკოლასთან გარემოსდაცვით სფეროში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორა. მემორანდუმი ითვალისწინებს საპარლამენტო კომიტეტის მიერ სკოლის მოსწავლეებთან ერთად გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას.
გიორგი ცაგარეიშვილი მოსწავლეებს ესაუბრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, ტყის სავარგულებზე, მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე და სხვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროექტის დაწყების წინ გათვალისწინებული იყო კომიტეტს მემორანდუმი თითო რაიონის თითო სკოლასთან გაეფორმებინა, თუმცა იმის გამო, რომ დაინტერესება დიდია, დღეის მდგომარეობით წყალტუბოს რაიონის უკვე სამ სკოლასთან გაფორმდა მემორანდუმი. ,,ზოგადად უნიკალური პროექტია და განათლების სამინისტროც სავარაუდოდ ჩაერთვება მის განხორციელებაში. გამოვაცხადებთ კონკურსებს და შევარჩევთ საუკეთესო სკოლებს. დაინტერესება

ძალიან დიდია. ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის შეგნების ამაღლების კუთხით. ეს არის უდიდესი პრობლემა. მოზარდ თაობაში ყველაზე კარგია გარემოს დაცვის შეგნების დამკვიდრება. ისინი იზრდებიან, ყალიბდებიან და ახლა უნდა მივეშველოთ ჩვენ, რომ ჩამოყალიბდნენ ამ ქვეყნის ნამდვილ მოქალაქეებად, ისეთ ადამიანებად, რომლებიც არ გაანადგურენებ გარემოს, არ გაანადგურებენ თავის საცხოვრისს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემა უდგას დღეს

საქართველოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.